პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია გაათავისუფლეს
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია გაათავისუფლეს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია გაათავისუფლეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი).

მათივე ინფორმაციით, ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

„აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა.

ამასთან, გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს პირველმა არხმა მის მიერ საქართველოს დატოვების დეტალების შესახებ სიუჟეტებიც მოამზადა.