როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა გიორგი სამუშიამ - „ახალი კვირის“ ექსკლუზივი 

პირველი არხის გადაცემა „ახალმა კვირამ“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბრალდებულმა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა და სასამართლოს მიერ პასპორტჩამორთმეულმა ​გიორგი სამუშიამ საზღვარი გადაკვეთა.

მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი საშუალება მისცეს, ახალი პასპორტი აეღო და ქვეყანა უპრობლემოდ დაეტოვებინა.

გიორგი სამუშიას ბრალი მძიმე საქმეში ედება, თუმცა სასამართლოს მიერ ორივე პირადობის მოწმობის ჩამორთმევის მიუხედავად, ქვეყნიდან გასვლა ლეგალურად მოახერხა.

როგორ აიღო გიორგი სამუშიამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები მაშინ, როდესაც პირველი არხის ინფორმაციით, ყოველივე ეს მოსამართლე ხათუნა ხარშილავას ოთახში, სამუშიას საქმეში ინახებოდა.

პირველმა არხმა მოიპოვა ორი სახელმწიფო უწყების – სასამართლოსა და იუსტიციის სახლის ოფიციალური მიმოწერა – იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს დოკუმენტების გაცემის საფუძველი სასამართლომ მისცა. უწყებას, რომელმაც ჯერ ჩამოართვა დოკუმენტი, ხოლო შემდეგ იუსტიციის სახლს მისცა უფლება, რომ სამუშიას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აეღო. სამუშია იუსტიციის სახლში დოკუმენტების აღდგენაზე წერს მოთხოვნას, ამის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტო მიმართავს სასამართლოს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის დაბრკოლება, რომ ამ პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ამის შემდეგ სასამართლო გასცემს წერილს, რომ ასეთი დაბრკოლება არ არსებობს და სერვისების განვითარების სააგენტოს უფლება აქვს, დააკმაყოფილოს სამუშიას მოთხოვა.

გიორგი სამუშია 2015 წელს წამების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. იგივე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა.