პოლიციის ცნობით, კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაილს სანდერსონი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა
კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაადასტურა მაილს სანდერსონის გარდაცვალების ფაქტი.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აღნიშნავს, ეჭვმიტანილს დაკავებიდან ცოტა ხანში დაეწყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა პოლიციას არ განუმარტავს, როგორ გარდაიცვალა ის. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მაილს სანდერსონს ჯერ კიდევ დაკავების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები.
კანადაში, სასკაჩევანის პროვინციაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი მაილს სანდერსონი, რომლის ძებნა ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამ პროვინციაში, დღეს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დააკავეს. დაკავების შემდეგ ის პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ეჭვმიტანილი 31 წლის დამიენ სანდერსონიც თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა.
5 სექტემბერს სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 18 კი, დაშავდა. თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილზე მოხდა. თავდასხმებში ეჭვმიტანილებად ძმები მაილს და დამიენ სანდერსონები ითვლებოდნენ.