კანადაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა

09:00, 05.09.2022

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ორი ეჭვმიტანილი, დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი, გაქცეულია და ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან.

სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან. ძებნის ოპერაცია დიდ გეოგრაფიულ არეალში ამ დრომდე გრძელდება.

ეს არის მასობრივი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქტი, რომელიც კანადას ოდესმე უნახავს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ თავდასხმას „შემზარავი და გულსატკენი“ უწოდა. პოლიციამ თქვა, რომ დაშავებულების რაოდენობა შეიძლება, უფრო მეტი იყოს.

მსგავსი