პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი აშენდება
პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი აშენდება

პოლიციელებისთვის ჯიქიას ქუჩაზე 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩემი და შინაგან საქმეთა მინისტრის დიდი სურვილია, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1 000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დავიწყებთ წელს. უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია. ვახტანგ გომელაურის იდეა იყო, აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე იყო განთავსებული პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზა გადატანილი იქნა სხვა ადგილას. ასე რომ, ამ ადგილზე აშენდება 1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1 000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომლიც წელს, სექტემბერში ჩაბარდება ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთი ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში პოლიციელებისთვის იგივე პირობები იმოქმედებს, რაც ჯარისკაცებისთვის მოქმედებს ჯარის ქალაქში.

„პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 დოლარს გადაიხდიან ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს განგრძობითი, არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა იყოს დამატებითი მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის. ისევ და ისევ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ვალია, შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე იგეგმება პოლიციის ყველა შენობისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების განახლება-რეაბილიტაცია და ერთიან სტანდარტში მოქცევა, ახალი სექტორები აშენდება სასაზღვრო პოლიციაშიც.

ამას გარდა, პრემიერ მინისტრის თქმით, დგას პოლიციის ახალი შენობების აშენების საჭიროება, რაც ასევე განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტის ჯამური ღირებულება 300-დან 350 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები სამ წელიწადში უნდა დასრულდეს.