შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით.