პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ლ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და რვა საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
„გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.