პოლიციამ ბოლო პერიოდში ბინების და საცხოვრებელი სახლების გაქურდვისთვის თბილისში ექვსი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, დიდ დიღომში ბინების გაქურდვის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1975 წელს დაბადებულმა დ.მ.-მ თბილისში, დიდი დიღომში, ერთმანეთის მეზობლად მდებარე, ორი მოქალაქის საცხოვრებელი ბინების გაქურდვა სცადეს.
„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები – ე.წ. “ატმიჩკები” ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში თბილისში, კერძოდ, ნუცუბიძის პლატოსა და ვარკეთილში ბინები, დიღმის სანერგე მეურნეობაში კი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტები გახსნა.
ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში სულ დაკავებულია ექვსი პირი.