პნევმატური პისტოლეტით სროლაში ფინალმა სალუქვაძისა და ხუციბერიძის გარეშე ჩაიარა | მინსკი 2019
10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პრიზიორები გამოვლინდნენ. ოქროს მედალი, ევროპული თამაშების რეკორდით, სერბმა ზორანა არუნოვიჩმა მოიპოვა. მის ანგარიშზე, ფინალში, 241.2 ქულაა. არუნოვიჩისთვის ეს მეორე მედალია მინსკის თამაშებზე. ვერცხლი სერბმა შერეულ წყვილებში მოიგო.
მეორე ადგილზე ბერძენი ანა კორაკაკი გავიდა. მან 238.9 ქულა დააგროვა. მესამე საპრიზო პოზიცია ბულგარელ ანტოანეტა ბონევას ხვდა წილად, რომლის საბოლოო შედეგიც 218.1 ქულა იყო.
ამ დისციპლინაში ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა. ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 562 ქულით 26-ე ადგილი დაიკავა. ნინო ხუციბერიძე 29-ე პოზიციაზე 557 ქულით გავიდა. შედეგად ორივე მსროლელი ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა. 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში სულ 37 მონაწილე იყო.