PMCG კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ივნისში 3,6 პროცენტით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა თვიური ხელფასი 2 400 ლარი ან მეტია
PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების კვლევის მიხედვით, 2024 წლის ივნისში 3,6 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომელთა თვიური ხელფასი 2 400 ლარი ან მეტია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ზოგადად, ივნისში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურად – 2.5%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სახელფასო კატეგორიების მიხედვით მდგომარეობას, შემცირებულია 600 ლარამდე ხელფასის მიმღებთა რაოდენობა, 2 400 ლარს ზემოთ ხელფასს კი უფრო მეტი დასაქმებული იღებს. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო ექვს თვეში ვაკანსიების ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია ადმინისტრაცია და მენეჯმენტი იყო.
„ივნისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს, 26.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. მათი რაოდენობა, ვინც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია PMCG კვლევითი ცენტრის ანგარიშში.