პლანეტის ყველაზე მდიდარი მამაკაცი კვლავ ჯეფ ბეზოსია, ხოლო ქალი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი
„ფორბსის“ თანახმად, პლანეტის ყველაზე მდიდარი მამაკაცი კვლავ ჯეფ ბეზოსია. კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ქონება ერთი წლის განმავლობაში 19 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ახლა ჯეფ ბეზოსის ქონება 131 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ფორბსის“ უმდიდრესი მამაკაცების სიაში პირველი ადგილი ჯეფ ბეზოსმა გასულ წელს დაიკავა. მანამდე რეიტინგს „მაიქროსოფთის“ დამაარსებელი, ბილ გეითსი ედგა სათავეში. ამასთან, გასულ წელს კომპანია „ამაზონი“„ეფლის“ შემდეგ მეორე კომპანი გახდა, რომლის კაპიტალმაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ჯეფ ბეზოსმა შესაძლოა, რეიტინგში პირველი ადგილი მეუღლესთან განქორწინების გამო დაკარგოს.
პლანეტაზე ყველაზე მდიდარი ქალი კი „ლორეალის“ იმპერიის მემკვიდრე, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი გახდა. კოსმეტიკური კომპანიის მფლობელის ქონება 49,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამერიკული ფინანსური ჟურნალის ცნობით, ბოლო ათწლეულში მსოფლიოში მილიარდერების რიცხვი გაორმაგდა. 2018 წელს მათი რაოდენობა 2208 იყო. ამასთან, მილიარდერების ქონება ყოველდღიურად დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით იზრდება.