პლანეტის მიწისქვეშა წყლების მდგომარეობა საგანგაშოა - მეცნიერები მკაცრად გვაფრთხილებენ
კლიმატის ცვლილება ყოველდღიურად ცვლის გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მიწისქვეშა წყლების რეზერვებისთვის მიყენებული ზიანი სულ რაღაც საუკუნეში შეგვახსენებს თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილიშვილები თავიანთ თავზე გამოსცდიან სასმელი წყლის დეფიციტს.
მიწისქვეშა, ანუ გრუნტის წყალი არის მტკნარი წყალი, რომელიც მიწისქვეშ, ნიადაგში იმალება ქანებს შორის. მკვლევართა განცხადებით, ტემპერატურის ცვალებადობა მასზე გაცილებით გვიან მოქმედებს, ვიდრე ზედაპირის წყლებზე.
მიწისქვეშა წყლის მარაგი ძირითადად დამოკიდებულია წვიმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ზონებში, სადაც წყალი გათბა და ნალექიც ცოტა მოდის, მზადდება ერთგვარი „საათის მექანიზმიანი ბომბი“, როცა წყლის მიწოდება მოთხოვნას ვეღარ დააკმაყოფილებს. უმოქმედობა ამ „დამალულ“ დეფიციტს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის.
კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრის, მარკ კატბერტის განცხადებით, მიწისქვეშა წყლები კლიმატის ცვლილებას გაცილებით გვიან ეპასუხება და ადამიანთა სიცოცხლეში, ასწლიან მონაკვეთში, ტემპერატურის მატების უარყოფითი ეფექტი შეეხება დედამიწის მიწისქვეშა წყლების მხოლოდ ნახევარს.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მრავალ ადგილას, კლიმატის ცვლილების გამო მიწისქვეშა წყლის ნაკადების ცვლილებას ძალიან ხანგრძლივი ეფექტები ექნება. კატბერტის აზრით, ამას შეიძლება ეწოდოს „საათის მექანიზმიანი ბომბი“ გარემოში, რადგან ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების სრული ეფექტები მდინარეთა ფსკერებზე და ჭარბტენიან ზონებზე მხოლოდ მოგვიანებით იმოქმედებს.
ახალი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილებისადმი უფრო მგრძნობიარე ზონებში, მაგალითად, ამაზონისა და ცენტრალური აფრიკის მსგავს ტენიან რეგიონებში, მიწისქვეშა წყლების ეფექტების ხილვა შესაძლებელი იქნება 10 წელში. მშრალ და არიდულ რეგიონებში ეს შეიძლება, გაცილებით გვიან მოხდეს.
ველზე აღებული მონაცემებისა და კომპიუტერული მოდელების საშუალებით, ჯგუფმა დაადგინა, რომ პლანეტის მიწისქვეშა წყლების მარაგების დაახლოებით ნახევარს 100 წელი ან მეტი სჭირდება ხელახლა შევსებისა და ბალანსის აღდგენისთვის.
ცნობილია, რომ ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, საჰარის ქვეშ, მიწისქვეშა წყლების მარაგი დღემდე განიცდის 10 000 წლის წინ მომხდარი კლიმატის ცვლილების ეფექტებს, როცა ეს ზონა გაცილებით ტენიანი იყო.
„მიწისქვეშა წყლები ხშირად გვავიწყდება, რადგან მხედველობის მიღმაა. ეს უზარმაზარი, დამალული რესურსი, რომელზეც ადამიანები არც თუ ისე ბევრს ფიქრობენ, გადამწყვეტია მსოფლიოს საკვების წარმოებაში“, უთხრა კატბერტმა AFP-ს.
ამჟამად მსოფლიოში, სასმელად და საირიგაციოდ მიწისქვეშა წყლებზე დამოკიდებულია ორ მილიარდზე მეტი ადამიანი. წვიმის შემცირებასთან ერთად, წყალი იკლებს ტბებში, მდინარეებსა თუ ნაკადულებში. თუ ამ პროცესის ერთი რომელიმე ნაწილი იცვლება, ბალანსს კარგავს მთლიანი სისტემა.
გადამწყვეტია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება წყლის მარაგზე. ნამდვილად არავის სურს ისეთი მომავალი, რომელშიც ჩვენი შემდგომი თაობები მალევე ეფექტებს მოულოდნელად, თუნდაც საუკუნით უფრო ადრე იგრძნობენ.
ცნობილია ისიც, რომ ჩვენი მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ, მიწისქვეშა წყლების მარაგები უკვე საგრძნობ წნეხს განიცდის. კლიმატის ცვლილების ეფექტების გარეშეც კი, საჭიროა ამ წყლის იმაზე მეტად მოფრთხილება, ვიდრე ამას ახლა ვაკეთებთ.
კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია AFP-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.