პიტერ სტანო - პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის აგრძელებს უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ
პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის აგრძელებს უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
ბრიფინგზე სტანოს ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების დასავლური იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენების ნებართვას მისცემენ, ეს იქნება ნატო-ს ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობა.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი აგრძელებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე დისკუსიას. მისი თქმით, ამ თემაზე ევროკავშირის სერთო პოზიცია არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.
„პუტინი მუდმივად აკეთებს ცრუ კომენტარებს და ფაქტი არის ის, რომ მან დაიწყო ომი უკრაინაში და ამით ის ასევე თავს დაესხა ყველა ევროპულ და დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანას. ის არამხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის თავს ესხმის ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა, ის თავს ესხმის საერთაშორისო სამართალს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, ის არღვევს გაერო-ს წესდებას. ასე რომ, მან დაიწყო ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ და უკრაინა არის საკმარისად მამაცი, რომ იბრძოლოს ამ ომში თავისი ხალხითა და თავისი სისხლით, რისთვისაც ის იხდის უმაღლეს საფასურს. რა თქმა უნდა, რასაც პუტინი ამბობს, არ შეცვლის ჩვენს პოზიციას მანამდე, ვიდრე ის აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო გზით. წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება და ჩვენ ვხედავთ ამ დისკუსიების შედეგებს შეზღუდვების მოხსნის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სახით. ამ საკითხზე ევროკავშირის საერთო პოზიცია არ არსებობს. რა თქმა უნდა, თუ რა პირობებით მოხდება იარაღის გამოყენება, იმ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ვინც იარაღს აწვდის უკრაინის თავდაცვას“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.