პიტერ სტანო - ევროკავშირი მიესალმება სერბეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს კოსოვოს მიერ გაცემული საავტომობილო ნომრები
ევროკავშირი მიესალმება სერბეთის გადაწყვეტილებას, ოფიციალურად აღიაროს კოსოვოს მიერ გაცემული კოსოვოს რესპუბლიკის საავტომობილო ნომრები, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი პიტერ სტანო სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირი კოსოვოსგანაც ანალოგიურ რეაგირებას ელოდება.
„ეს აჩვენებს, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. ეს ასევე არის სწორი მიმართულებით ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზაზე, რაც საბოლოო ჯამში, რეგიონის მცხოვრებლებისთვის არის სარგებლიანი. ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტიკერების რეჟიმის სრულად გაუქმებას. ევროკავშირი ახლა ელოდება, რომ კოსოვო ანალოგიურ რეაგირებას მოახდენს“, – წერს სტანო.
ცნობისთვის, სერბეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კოსოვოს სარეგისტრაციო ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში შესვლის ნება დართოს. სერბეთის მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ კოსოვოს სანომრე ნიშნების მქონე მანქანების სერბეთში დაშვების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ პრაქტიკული მიზეზების გამო მიიღეს, რათა ხალხის გადაადგილების თავისუფლებისთვის შეეწყოთ ხელი.