პიტერ სიიარტო - ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, დამაზიანებელი და საშიშია, უნგრეთი აღნიშნული შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას
ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთი ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ აღნიშნულ გეგმას „დამაზიანებელი და საშიში“ უწოდა.
„ყველა თვალსაზრისით, ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, არის დამაზიანებელი და ძალიან საშიში. ამ მიზეზით, უნგრეთი მტკიცე პოზიციას იკავებს და ხვალ აღნიშნული შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიდეომიმართვაში.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და პოლონეთი გეგმავენ, რომ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირონ ტარიფების დაწესებას. მედიასაშუალების ინფორმაციით, ხმები საკმარისი იქნება სავაჭრო ზომების მისაღებად.
ჩინეთიდან ელექტრომანქანების იმპორტზე ტარიფების დაწესებას ეწინააღმდეგება გერმანია.
„ჩინეთთან სავაჭრო ომი ევროპის საკვანძო ინდუსტრიას და გერმანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორს უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა.
ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე 45%-მდე ტარიფების დაწესების ინიციატივას ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ 4 ოქტომბერს უნდა უყაროს კენჭი.