პიტერ სიიარტო - დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც საქართველოს მხარი არ დაუჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, პოზიტიურად ლაპარაკობენ, დახურულ კარს მიღმა კი ძალიან მამაცები არიან, ეს თვალთმაქცობაა
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც გუშინ საქართველოს მხარი არ დაუჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა, არიან ძალიან მამაცები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრე იყო, თუმცა მისივე თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაა საჭირო.
„ყველა შეთანხმდა 27 წევრს შორის, რომ მოლდოვასა და უკრაინას უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი და მათ ის მიიღეს, მაგრამ არ იყო შეთანხმება, რომ თქვენ მიიღებდით და სამწუხაროდ, თქვენ ვერ მიიღეთ. ჩვენ ვიყავით მათ შორის, ვინც მომხრე იყო, რომ მიგეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად ერთსულოვნებაა საჭირო. ეს ძალიან თვალთმაქცურია, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც გუშინ მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, ისინი ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ როდესაც დახურულ კარს მიღმა არიან, ძალიან მამაცები არიან.
ზუსტად ასეთი სიტუაციაა დასავლეთ ბალკანეთზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ახლა ძალიან იმედგაცრუებული არიან. მონტენეგროს ყველა თავი ღია აქვს მოლაპარაკებების პროცესში, ბოლო ხუთ წელში ერთი თავიც კი არ დასრულებულა. სერბეთს ყოველთვის აკრიტიკებენ უსაფრთხოების პოლიტიკის გამო, ჩრდილოეთ მაკედონიამ სახელი შეიცვალა, რათა ევროკავშირში შესულიყო, მაგრამ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, ბულგარეთთან არსებული დაბრკოლების გამო. ალბანეთი მაკედონიასთან ერთად განიხილება ერთ ჯგუფში. შესაბამისად, ვიდრე მაკედონია არ დაიწყებს მოლაპარაკების პროცესს, ვერც ალბანეთი დაიწყებს. ბოსნია-ჰერცეგოვინამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. კოსოვომ ვერ მიიღო უვიზო მიმოსვლა. ისინი ყველანი იმედგაცრუებული არიან და ჩემი შიში ასეთია, რომ ბრიუსელში მიღებული ამ არალოგიკური გადაწყვეტილებით ევროკავშირი დაკარგავს ძალას და ეს არის ბევრი დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირშიც ვრცელდება და უსამართლოა, რომ ევროკავშირს ფარგლებს გარეთაც.
„ვფიქრობ, რაც არ არის სამართლიანი, არის ორმაგი სტანდარტები. არ მინდა, გული აგიცრუოთ, მაგრამ ჩვენ ევროკავშირში, ვგულისხმობ უნგრეთს, ჩვენთან მიმართებაშიც ხდება ეს ორმაგი სტანდარტები. მაგალითად, ამჟამად ჩვენ არ მიგვიღია ევროპის აღდგენის ფონდიდან თანხა, რომელიც ნაწილობრივ ჩვენი თანხაა. აქ არ არის საუბარი ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ან საჩუქარზე, ჩვენც იმავე პოლიტიკური მიზეზების გამო არ მოგვცეს, რაც თქვენ გითხრეს. ეს სამწუხაროდ, ბრიუსელის თამაშის წესების ნაწილია. ეს ორმაგი სტანდარტები ევროკავშირშიც ვრცელდება და უსამართლოა, რომ ევროკავშირს ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ინტერვიუს სრულად მაყურებელი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სამშაბათს, 28 ივნისს იხილავს.