პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას უნგრეთი მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, მიზეზი, რატომაც არ უჭერს მხარს, მარკ რუტეს უნგრეთის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომ უნგრეთი მუხლებზე უნდა დააჩოქონ.

„ძალიან რთულია, წარმოვიდგინო, რომ ადამიანი, რომელიც იკავებს და მხარს უჭერს მსგავს პოზიციას, შესაძლოა, არჩეულ იქნეს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სადაც 100-პროცენტიანი ნდობაა საჭირო. ჩვენ აქ ერთმენთისთვის უნდა ვკვდებოდეთ. სწორედ ამიტომ, მას უნდა მართავდეს ისეთი ვინმე, რომელსაც 100 პროცენტით შეგვიძლია, ვენდოთ“, – განაცხადა პიტერ სიარტომ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს ყველა საუბრობს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, თუმცა „რატომღაც არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ საფრთხე თუ აღმოსავლეთიდან წამოვა, მაშინ შესაძლოა, რომ გენერალური მდივანიც აღმოსავლეთიდან იყოს“.