პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს გუშინ გეგმის მიხედვით, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.
„გუშინ ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმურად ეკუთნოდათ, ჩატარდა მასიური ტესტირება პისიარით. ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა.
რატიანის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 86 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
მისივე განმარტებით, კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია.
ამასთან, რატიანი ამბობს, რომ ინფიცირებულებიდან რვა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე რჩება მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ჰემოდინამიკას ინარჩუნებს. კლინიკურ-ლაბორატრული მარკერები რადგან გაუმჯობესდა, იმედია, გაუმჯობესდება მისი ვიტალური პარამეტრებიც. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან განყოფილებებში, არც ერთ მათგანთან ამ ეტაპამდე არ ვლინდება გართულება, დღის მეორე ნახევარში ლუგარიდან პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.