პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი გაეწერება
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს.
„დღეს მოვიდა უარყოფითი დასკვნა კორონავირუსზე ორ პაციენტზე და ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
მათ შორის, ერთი მარნეულიდან გადმოყვანილი ქალია, რომლის მდგომარეობა თავდაპირველად უმძიმესი იყო.
„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დადებითია. მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არათუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“, – აღნიშნა რატიანმა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ19-სგან 54 პაციენტია განკურნებული.