პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ბოლო ორ დღეში 13-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ კიდევ რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდებიან
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გუშინ და დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 13-მა პაციენტმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხვალისთვის კიდევ 11 პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდებიან და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა დატოვოს კლინიკა.
„ჩვენთან ახლა 79 პაციენტი იმყოფება. მათგან 67 კორონაინფიცირებული პაციენტია. ექვსი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში და მათგან სამი არის აპარატულ სუნთქვაზე. ერთი არის უფრო მძიმე, მეორე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, ორი ორსული პაციენტი გვყავს კორონაინფიცირებული, დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკებში და მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს და გუშინ საღამოს გავწერეთ გამოჯანმრთელებული 13 პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს და გვინდა, კიდევ მეტი იყოს. ხვალისთვის 11 ტესტი გვაქვს აღებული და თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა, რამდენიმე პაციენტს კიდევ გავწერთ“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.