პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
საქართველოს პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით დღეს პირველი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.
შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე.
„ვისაუბრეთ ფორმებსა და ხერხებზე, როგორ შეიძლება, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის იყოს მიმზიდველი ეს ყველაფერი. არ ვიწყებთ ისეთი ტერმინების შეცვლას, რომელიც უკვე დამკვიდრებულია, თუმცა ის არასწორი ფორმები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ენას, აუცილებლად იქნება ყურადსაღები. მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ასევე „ტელესკოლის“ არხზე, შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ ეს ყველაფერი და სწორედ ამ სამუშაოებს ვიწყებთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ენის გამდიდრების პროცესი; ამავე დროს, გარკვეულწილად, ენას დანაგვიანების საფრთხეც ემუქრება.
„ამიტომ თანდათან, მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ეს საკითხი, თუმცა ძალიან რბილად და აქ არ იგულისხმება რაღაც სასჯელის დაწესება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ამ ჯანსაღ პროცესს გაუწიოს პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, თანდათანობით, დაჟინებული მუშაობით, კარგ შედეგს მივიღებთ. მივესალმები პირველი არხის და ენის პალატის წამოწყებას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის, გია მურღულიას თქმით, შეხვედრაზე ძალიან საინტერესო წინადადებები გამოითქვა.
„მაგალითად ის, რომ ჩვენ დავინახოთ ტიპურ შეცდომათა გარკვეული ჩამონათვალი. რა შეცდომებს ვუშვებთ, სად ვცოდავთ ქართული ენის წინაშე, რისი გამოსწორება შეიძლება. ზოგიერთი სიტყვა ისე ფუნდამენტურად არის დღეს დამკვიდრებული, რომ პრაქტიკულად გაქართულდა კიდეც, ყურს არ ჭრის და მაინცდამაინც შეურაცხყოფას არ აყენებს ქართულ ენას. ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ შემოდის ახალი ტერმინები, სპორტში, კულტურაში, სოციალურ სფეროში, ამის ქართული შესატყვისები ან არსებობს, ან შეიძლება, შეიქმნას, როგორც თავის დროზე ჩვენი წინაპრები ასეთ შესატყვისებს ქმნიდნენ. კარგი შეხვედრა იყო და კარგ შედეგსაც გამოიღებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენას უნდა მიხედვა, პატრონობა და მედიასაშუალება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„საკითხებია, რომლებიც დაგროვდა და ეს ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიხატება – პოლიტიკოსი იქნება ეს, ჟურნალისტი თუ ჩვეულებრივ გადაცემაში მონაწილე; ბუნებრივია, ამას გარკვეული არაზეწოლის ფორმა, არამედ მაგალითის მიცემის ფორმა დასჭირდება და მოხარული ვიქნებით, თუკი პირველი სამაუწყებლო არხი გახდება სხვებისთვის ნიმუში და მაგალითი იმისა, რომ ქართულად კარგად ლაპარაკი გავხადოთ პრესტიჟული. სწორედ ამას მიეძღვნება ჩვენი მომავალი მემორანდუმი. მოხარული ვარ, რომ არ პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, მოსახლეობაც თავის აქტიურ პოზიციას გამოხატავს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.