პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის თანამშრომლობითა და დაფინანსებით, ჟურნალისტებისთვის საქართველოში რეგიონული აკადემია იმუშავებს
პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია იმუშავებს, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარზე „ციფრული ტრანსფორმაცია“ განაცხადა, რომელსაც პირველი არხი მასპინძლობს.
აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ასევე ჟურნალისტებს მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, აკადემიაში ტრენინგები უფასოდ ჩატარდება.
„საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური აკადემია იქმნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს როგორც ტექნოლოგიები, ისე სწავლება ძვირი ღირს. აკადემიაში მომზადდება 50-მდე ჟურნალისტი, საიდანაც 15 საქართველოდან იქნება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აკადემია საქართველოში ყოფილიყო. ეს სიკეთე არ იქმნება მხოლოდ პირველი არხისთვის, ეს მთლიანობაში იქნება ქვეყნის სიკეთე“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე ინფორმაციით, აკადემია მუშაობას უკვე მაისიდან დაიწყებს.
„საქართველოდან ჟურნალისტების ტრენინგს საზოგადოებრივი მაუწყებელი დააფინანსებს. პროგრამა მოქმედია ჟურნალისტებისთვის. შეგვიძლია, ამას დავარქვათ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ ეს უფრო მეტია. ეს კვალიფიკაციის შეძენაცაა, რადგან აკადემიაში ბევრი საერთაშორისო ექსპერტი წაიკითხავს ლექციებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
პირველი არხი რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ მასპინძლობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციური და სამართლებრივი გამოწვევები, ასევე თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები პირველ არხს 12 თებერვალს ესტუმრნენ და პირველი არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინართან დაკავშირებით, რომელსაც პირველი არხი მასპინძლობს.