პირველმა არხმა ახალი პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, პირველი არხის ახალი პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ონლაინ რადიო-ტელევიზიის პირველი ეთერი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.
პროექტი ითვალისწინებს:
- საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებას.
- ინტერნეტ რადიო-ტელევიზიის 12-საათიან უწყვეტ ეთერს 1tv.ge-ზე.
- დოკუმენტური მასალების მომზადებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მათივე ენაზე.
- გასართობი და შემეცნებითი გადაცემების მომზადებას, რომლებიც პირველი არხის ეთერში ქართულ ენაზე გავა, ხოლო ვებგვერდზე განთავსდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
აღნიშნული მედიაპროდუქციის ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე 1TV.GE, შესაბამის ენობრივ განყოფილებებში.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე.