საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც საუბარია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თითქოს არაჯეროვნად გააშუქა 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიება.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის დღეები შუქდებოდა ინტენსიურად და ამომწურავად. 7 მაისს გამართული კონცერტი კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში მთლიანად გადაიცა. გაშუქების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ.
პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში, რისი ნახვაც შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე.
ევროპის დღეები საქართველოში – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა – 09.05.2023
აგრეთვე პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში წინმსწრებად მომზადდა არაერთი რეპორტაჟი, რომელიც დედაქალაქში ევროპული დღეების აღნიშვნას ეძღვნებოდა.
ევროპის დღეები – 2023 – 07.05.2023
„ევროპის დღეების“ გახსნა – 06.05.2023
ევროპის დღეები თბილისში – 06.05.2023
ევროპის დღეები თბილისში – 06.05.2023
ევროპის დღეები საქართველოში – 05.05.2023
ევროპის დღეები საქართველოში – 03.05.2023
ასევე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული ღონისძიების შესახებ 8 მაისს პირველი არხის დილის გადაცემაში გაკეთდა საანონსე ბლოკი, სადაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში ვრცლად ისაუბრა 9 მაისის ღონისძიების შესახებ.
9 მაისს კონცერტი „ევროპისთვის“ გაიმართება – 08.05.2023
ევროპის დღეები ასევე ფართოდ გააშუქა საქართველოს რადიომაც.
გარდა ამისა, 9 მაისის ღონისძიებაზე გამოთქმული პრეზიდენტების მიმართვები ითარგმნა და დაიდო პირველი არხის შვიდენოვან ვებგვერდზე 1tv.ge
აღვნიშნავთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიუღებელია ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელებული ზარის საფუძველზე ეთერში მიმდინარე პროგრამირების შეწყვეტის პრეცედენტის შექმნა. ამგვარი პრაქტიკა გამოიყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა აუცილებლად მოითხოვდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ უფრო ადრე არა, ერთი დღით ადრე მაინც გახსენებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეეთანხმებინა ღონისძიების ტრანსლირების საკითხი. სამწუხაროდ, ღონისძიების ორგანიზატორებს ამის გაკეთება დაავიწყდათ და, როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის გადმობრალება გადაწყვიტეს.
დაბოლოს, უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საჯაროდ გაჟღერებული უაღრესად მძიმე ბრალდება, თითქოს იგი ჯეროვნად ვერ ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი საფუძველი და დასაბუთება არ გააჩნია და რაც მიზნად ისახავს მაუწყებლის დისკრედიტაციას.
მაშინ, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის დაცვას და მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ, გვრჩება განცდა, რომ ხელოვნურად და მიზანმიმართულად ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა.
შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების და არა – პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინაშე, ხოლო მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას ჩვენს უდიდეს მონაპოვრად და ფასეულობად მივიჩნევთ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისადმი მიმართვა გუშინ გაავრცელა.