სალომე ზურაბიშვილი - ერთად უნდა გავიაროთ გზა ევროპისკენ, ყველა უნდა ვაიძულოთ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ეს არის მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე
სალომე ზურაბიშვილი - ერთად უნდა გავიაროთ გზა ევროპისკენ, ყველა უნდა ვაიძულოთ, შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ეს არის მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე

ერთად უნდა გავიაროთ ევროპისკენ გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და შემდეგ კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

„ეს ჩვენი დღეა, ჩვენი მომავლის დღეა. მინდა, პირველ რიგში, თქვენგან დიდი მადლობა მოვახსენო შარლ მიშელს, რომელიც დაგვეთანხმა, რომ დღევანდელ დღეს ეს მისალმება გაეკეთებინა. თავისი ღრმა მხარდაჭერით და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა მიმართვა, რადგან ჩვენი პარტნიორებიდან ის არის ერთ-ერთი, რომელსაც ნამდვილად სჯერა სქართველოს ევროპული მომავლის და მზად არის, რომ ყველა ნაბიჯზე დაგვეხმაროს. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი, ე.ი პირველ რიგში, საზოგადოების, ჩემი დახმარებით. ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე და შემდეგ კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება. ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ევროპაში, იმუშავებს ევროპაში, მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ხოლმე ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან.

ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ქვეყანა და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, რომელიც უკვე დღეს და ხვალ იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს – ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი და ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა. ეს არის ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანება, რომელმაც ამ ქვეყნებს სრულად შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი, რაც უნდა ვიღაცები ლპარაკობდნენ რაღაცა ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია.

დღეს არის 9 მაისი, ვითომც რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის – ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და იმ 9 მაისის, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი. არა, ეს ერთია, დამარცხება ტოტალიტარიზმის არის სწორედ ევროპა. დამარცხება ტოტალიტარიზმის არის სწორედ თავისუფლება და ვიდრე ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, ვიდრე ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ აქ, საქართველოში. აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, კონცერტი „ევროპისთვის“ იმართება.