პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი დანიელ ჟურნალისტებს შეხვდა
საზოგადოებრივ მაუწყებელს დანიიდან ჟურნალისტები ეწვივნენ, ისინი საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. დანიელ ჟურნალისტებს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი შეხვდა.
დანიელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს, მათთვის საინტერესო იყო, როგორ ხდება საქართველოში კონსტრუქციული ახალი ამბების მიდგომის გამოყენება.
კონსტრუქციული ჟურნალისტიკა, რომლის პრინციპებითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს, არის ახალი მიმართულება და ახლახან დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე, მის მნიშვნელობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისას. დასავლეთ ევროპაში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტი ულრიკ ჰააგერუპის მიერ დანიაში დაფუძნდა. ამ სტილის ჟურნალისტიკა უკვე რეალურად გამოიყენება ყველა ნიუსრუმში და იმ შეკითხვებზე გვპასუხობს, რომლებიც ყველა ჩვენგანს შეიძლება გვქონდეს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხარდაჭერით, ჟურნალისტების გადამზადების პროექტი გაგრძელდება, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ეს მიმართულებაც დემოკრატიისკენ წინსვლას ემსახურება“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.