პირველი არხი - უყურე პირველ არხს | 33 პროექტი - მაღალი ხარისხის ქართული ტელეპროდუქტი
პირველი არხი - უყურე პირველ არხს | 33 პროექტი - მაღალი ხარისხის ქართული ტელეპროდუქტი

„პირველი არხის ახალი სამაუწყებლო სეზონი პირველ სექტემბერს აიღებს სტარტს. განახლებული ვიზუალური იდენტობა და მაღალი ხარისხის, ქართული წარმოების, საინტერესო გადაცემებისგან შემდგარი საეთერო ბადე საზოგადოების ყველა წევრისთვის იქნება განკუთვნილი, დიდი სპორტი კი არხზე წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.

შემოდგომის სეზონზე პირველად ქართულ ტელესივრცეში პირველი არხი ორ ქართულ მხატვრულ სერიალს იწყებს. „სიყვარულს მიღმა“ – 19 სექტემბერს მეორე სეზონით დაბრუნდება ეთერში.

 

საერთაშორისო ფორმატის ქართული ადაპტაცია „ო-ჯახი“  კი 21 სექტემბრიდან დაიწყება.

პირველ სექტემბერს ეთერი ევრობასკეტი 2022-ით გაიხსნება და მაყურებელს ყველა ძირითად მატჩს შესთავაზებს. წელს პირველად ისტორიაში, საქართველო ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყნებს შორისაა, ოფიციალური მაუწყებელი კი ექსკლუზიურად პირველი არხია.

 

31 აგვისტოს თბილისში, რიყის პარკში ევრობასკეტ 2022-ის გახსნის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. 1-7 სექტემბრამდე გულშემატკივარს საშუალება ექნება სატელევიზიო ეთერის გარდა, ღია ცის ქვეშ, პირველი არხის სპეციალურად მოწყობილ საყურებელ ზონაში  ევრობასკეტ 2022-ს ადევნოს თვალი.

5 სექტემბერს კი რიყის პარკში „რანინელები“ კონცერტს გამართავენ და ხუთი სეზონის განმავლობაში შექმნილ, მაყურებლისთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ.

2 სექტემბერს პირველი არხი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების შესახებ მომზადებული მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერას შესთავაზებს აუდიტორიას.

შემოდგომის სეზონზე პირველი არხი ასევე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს წყალბურთში, საქართველოს წყალბურთის ნაკრების მატჩებს – ნახევარფინალებს და ფინალებს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას, თბილისის დინამოს მონაწილეობით.

ასევე მსოფლიო ჩემპონატის შესარჩევ მატჩებს კალათბურთში: 11 ნოემბერს  –  ისლანდია-საქართველო;  14 ნოემბერს    –   საქართველო-იტალია (თბილისი).

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ასევე შესთავაზებს მსოფლიო ჩემპიონატს ძალოსნობაში.

ნოემბერში საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელსაც წელს კატარი უმასპინძლებს.

განახლებული სეზონით ბრუნდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზოლის გადაცემები.  „მოამბესთან“ ერთად ეთერში გავა კვირა დღის შემაჯამებელი გადაცემა „კვირის მოამბე“, რომელიც მთავარ პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ თემებს მიეძღვნება და მაყურებელს საქართველოდან და უცხოეთიდან ექსკლუზიურ რეპორტაჟებს შესთავაზებს.

ასევე ყოველ პარასკევს 18:00 საათზე ეთერშია „მოამბე რეგიონები“, რეგიონის ჟურნალისტები, მათ შორის ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, მაყურებელს ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან ამბავს მოუყვებიან.

სპორტული გადაცემა „ტაიმაუტი“ განსკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის შესახებ საინტერესო სტუმრებთან ერთად მოუყვება მაყურებელს.

2 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, მაყურებელს ქართული ტელესივრცის გამორჩეული გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ელის, რომელიც საინტერესო რესპონდენტებთან არაორდინარული ინტერვიუების სერიაა და უკვე კარგად ნაცნობ პერსონას სულ სხვა კუთხით აცნობს მაყურებელს.

იუმორისტული ტოკშოუ „კაცები“ ყველაზე აქტუალური და გემოვნებიანი იუმორით 2 სექტემბრიდან ბრუნდება ეთერში.

3 სექტემბრიდან ყოველ შაბათს 14:00 საათზე ეთერშია „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვლადიმერ გუცაევთან და გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად.

შემეცნებით-გასართობი გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“, რომელსაც მაყურებლისთვის  საყვარელი წამყვანები – ლიზა ბაგრატიონი, ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე უძღვებიან, 3 სექტემბრიდან დაიწყება.

გადაცემა „ფერმა“ ახალ სეზონს 4 სექტემბრიდან დაიწყებს. გადაცემის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დაინტერესებულ პირთა აგროსფეროში განათლებასა და დამწყები ფერმერებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდებას.

გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“ 5 სექტემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს 12:30 საათზე გავა ეთერში.

ეთერში 5 სექტემბრიდან ბრუნდება დილის ყოველდღიური გადაცემა „ახალი დღე“, რომელიც მაყურებელს ყველა სიახლეს საინტერესო ფორმით გააცნობს.

5 სექტემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს, 13:30 საათზე „დღის კოდი“ საინტერესო თემებით და სტუმრებით  შეხვდება მაყურებლებს. გადაცემა კულტურის ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ერთ კოდში მოაქცევს. პროექტი ჩვეულ დროს დაბრუნდება ეთერში ევრობასკეტი 2022-ის დასრულების შემდეგ.

„პირადი ექიმი მარი მალაზონია“ და გადაცემაში მოწვეული მაღალი კომპეტენციის ექიმები საზოგადოებას საჭირო, სასარგებლო, რაც მთავარია, გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას 5 სექტემბრიდან  მიაწვდიან.

5 სექტემბრიდან ყველასთვის საყვარელი გასართობი შოუ „მარტივი ლოგიკა“  უმასპინძლებს მაყურებელს.

ახალი სეზონიდან გადაცემა „აკუსტიკა“ ახალ სეზონს დაიწყებს და წელსაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელს გაანებივრებს მრავალი ჟანრის და მიმართულების ხარისხიანი პროდუქტით.

პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემა „დოსიე“ 12 სექტემბრიდან  ბრუნდება ეთერში და სტუმართან ერთად მაყურებელს საინტერესო და სიღრმისეულ დისკუსიას შესთავაზებს.

17 სექტემბრიდან გადაცემა „რეალური სივრცე“  ახალ სეზონს დაიწყებს და ეთერში იქნება ყოველ შაბათს, 18:30 საათზე.

17 სექტემბრიდან ყოველ შაბათს, 21:00 საათზე ეთერში იქნება „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“. მაყურებელი ნახავს დღის, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს და შემოგთავაზებთ ამ თემებზე სხვადასხვა მხარის შეფასებებსა და პოზიციას, იმ გადაწყვეტილებებს, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

გადაცემა „დღის თემა“ 21 სექტემბრიდან ყოველ ოთხშაბათს 22:30 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე სტუმრებთან ერთად დღის მთავარ თემას განიხილავს. მაყურებელს საშუალება ექნება მიმდინარე თემებზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მოისმინოს მხარეების არგუმენტები და შეფასებები.

17 სექტემბრიდან „42°პარალელი“ წარმოგვიდგენს იმ საერთაშორისო მოვლენების ანალიზს, რომლებიც გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს ქმნის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, ასევე, მოვლენებს, რომლებიც ამ პროცესებზე გავლენას ახდენს.

გადაცემა „თავისუფალი ხედვა“ 20 სექტემბრიდან იწყებს ახალ სეზონს და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების და კვირის მთავარი მოვლენების განხილვას დაეთმობა.

შემოდგომის სეზონზე „წიგნების თარო“ მე-9 სტუდენტურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს. რასაც მე-13 სასკოლო სეზონი მოჰყვება. 11 სექტემბრამდე კი კემბრიჯისკენ მიმავალ თავგადასავალში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. https://bit.ly/3CAmvFN

 

ახალი სეზონიდან პირველ არხზე მსოფლიოს ნომერ პირველი მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“ ბრუნდება. შოუს გამარჯვებული ევროპაში ყველაზე დიდ მუსიკალურ კონკურსზე, ევროვიზია 2023 საქართველოს სახელით წარდგება. მონაწილეობის მიღების მსურველებს 20 სექტემბრის ჩათვლით, შეუძლიათ რეგისტრაციის ფორმის შევსება: https://bit.ly/3Tr5gwr

შემოდგომიდან პირველი არხზე ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“  მერვე სეზონი დაიწყება. „მასტერშეფი“ არა მხოლოდ გემრიელი შოუა, რომელიც კულინარიას ეხება, არამედ მაყურებელს აცნობს ქართულ და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს,  როგორც კულტურის ნაწილს, წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული სფეროებიდან იკრიბებიან და ახალ გამოწვევებს იღებენ, იბრძვიან და იმარჯვებენ.

აკა მორჩილაძის საავტორო პროექტის „დაკარგული წიგნები“ ახალი სეზონი 17  სექტემბრიდან ბრუნდება ეთერში.  პროექტის მიზანია იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.

24 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, 23:00 საათზე ეთერს უბრუნდება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ 21-ე სეზონი. შემოდგომის სერია (სექტემბერი – ოქტომბერი) ექვს ეპიზოდს შესთავაზებს გულშემატკივარს.

ახალ სამაუწყებლო სეზონზე დათო ევგენიძის საავტორო გადაცემა „მუსიკის 12 მოციქული“ მაყურებელს ქართველ კომპოზიტორებთან ერთად შექმნილ ახალ პროექტს შესთავაზებს.

„ტელედოკი“ ახალი სეზონიდან მაყურებელს ყოველკვირეულ 26-წუთიან დოკუმენტურ ჩანახატებს შესთავაზებს (ფილმები, რეპორტაჟები, მოზრდილი სიუჟეტები) ადამიანებზე, რომლებიც აქტუალურ და საინტერესო საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და/ან სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩართულები.

ახალი სეზონიდან პირველი არხი ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“. ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგეს. პროექტის ფარგლებში, მაყურებელს შესაძლებლობა მიეცემა, გაეცნოს საქართველოს ისტორიას, უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული – თანამედროვეობამდე.

ახალი სეზონიდან გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ საგამოძიებო ფილმების მომზადებას. პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა.

ეთერს უბრუნდება გადაცემა „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, რომელიც მაყურებელს 26-წუთიანი ვიდეოფილმის ფორმატში სთავაზობს მივიწყებულ ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, სკულპტორთა, მუსიკოსთა და მხატვართა პორტრეტებს.

პრემიუმ ხარისხის მხატვრული და დოკუმენტური სერიალები

პირველი არხი მაყურებელს პრემიუმ ხარისხის მხატვრულ, დოკუმენტურ ფილმებს და სერიალებს სთავაზობს. ახალი სეზონიდან მაყურებელი ახალ და უკვე საყვარელ სერიალებს ნახავს: „გამომძიებლები“, „ძველი ხიდის საიდუმლო“, „ქალების სამოთხე“, „ალის ნევერი“, „პრაქტიკანტი“,  „გზა სახლისკენ“, „პირადი საქმე“.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი ხარისხის პროდუქტების შესაძენად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: The Walt Disney Company, 20 Century Fox, Lucasfilm, Marvel Studios, Arte France, Rai Com S.P.A., Boomerang TV, Film Quest Entertainment, Mediawan Rights, Daro.

შემოდგომის სეზონზე მაყურებელი „უოლტ დისნეის“ ანიმაციურ ფილმებს სრულად ქართული გახმოვანებით იხილავს, ანიმაციის სიმღერების ქართულად ადაპტირებული ვერსიებით.  2020 წელს კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი პირველ არხთან გააფორმა. საოჯახო ყურებისთვის განკუთვნილი ფილმები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულმა ორმა სტუდიამ – „ფონოგრაფმა“ და „ბრავო რეკორდსმა“ გაახმოვანა.

პირველი არხი –  ტელესკოლა

„პირველი არხი – ტელესკოლა“  უნიკალური შემეცნებით-საგანმანათლებლო რესურსია. არხი ახალ სეზონს 15 სექტემბრიდან დაიწყებს. 2020 წელს პანდემიის შედეგად სასწავლო პროცესის ნაწილობრივ თუ სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობა სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის გამოწვევად იქცა. საქართველოს პირველმა არხმა ამ პერიოდში საზოგადოებას უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა და სასკოლო პროგრამა სატელევიზიოდ ადაპტირებულ ფორმატში გადაიტანა, რითაც საშუალება მისცა სახლში დარჩენილ მოსწავლეებს დისტანციურად გაეგრძელებინათ სწავლა.

ახალი სეზონიდან „პირველი არხი – ტელესკოლა“ მოსწავლეებს და მათ მშობლებს შესთავაზებს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის შემადგენელ საგნებს, არამედ საინტერესო კლასგარეშე პროექტებს:

ტელეგაკვეთილები, ქართული ჟესტური ენის გაკვეთილები, „ინგლისური ყველასთვის“, „კოსმოსი“, „ჩვენი პლანეტა“, „გენიოსები“, ავტოპორტრეტი, „როცა ბავშვი“,  იოგას ვარჯიშები, ახალგაზრდულ ტოკშოუს „წითელი სკამი“. საეთერო ბადეს ახალ სეზონზე დაემატება გადაცემები: „დიდი გამოგონებები“, „ფოტოფოკუსი“ და „დემეტრეს დღიური“. მაყურებელი ასევე იხილავს ახალ გადაცემას „კინოკლუბი“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები ცნობილ რეჟისორებს შეხვდებიან და მსოფლიო თუ ქართულ კინოზე ისაუბრებენ. ტელესკოლა ახალ სეზონზე კვლავ შესთავაზებს  მაყურებელს ქართულის გაკვეთილებს აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის.

საქართველოს რადიო

სექტემბრიდან საქართველოს რადიოს ეთერში საჭირო და ოპერატიული ინფორმაცია, საუკეთესო მუსიკა და მრავალფეროვანი გადაცემები.

სექტემბრიდან საქართველოს რადიო განახლებული სეზონით ბრუნდება ეთერში.

პირველი სექტემბრიდან უგულშემატკივრეთ საქართველოს – ყველა მნიშვნელოვანი სპორტულ მოვლენას და მატჩს საქართველოს რადიო პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

საქართველოს რადიო აუდიტორიას სთავაზობს აუდიოსივრცეს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, მოუსმინოთ საინტერესო ავტორების მრავალფეროვან პოდკასტებს.

5 სექტემბრიდან მონატრებული რადიოგადაცემები განახლებული თემებით და რუბრიკებით  დაბრუნდება ეთერში.

გაეცანით ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს ყველაზე ოპერატიულად,  ნახევარ საათში ერთხელ.

უსმინეთ საქართველოს რადიოს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.

ციფრული პლატფორმები

1TVPLAY

შემოდგომის სეზონზე აპლიკაციის 1TVPLAY მომხმარებელს ონლაინრეჟიმში შეეძლება იხილოს ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც. აპლიკაციის შეტყობინების ფუნქცია გულშემატკივარს საქართველოს გუნდების გამოსვლის გამოტოვების საშუალებას არ მისცემს.

პირველი არხის მობილური აპლიკაცია აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი.

ახალი სეზონიდან აპლიკაციას Cast ფუნქცია ემატება, რომელიც სმარტ ტელევიზორის მფლობელებს  საშუალებას მისცემს ლაივ სტრიმი აპლიკაციიდან ეკრანზე გადაიტანოს.

1TVPLAY-ში თავს იყრის პირველი არხის საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები („შარქ თენქი“, „მასტერშეფი“, „ვოისი“, „სიყვარულს მიღმა“, „აკუსტიკა“, „რანინა“ და ა.შ.), ასევე თავმოყრილია „ტელესკოლის“ არქივი, რომელიც მუდამ ახლდება.

გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს აპლიკაციის განახლებაზე და საინტერესო ფუნქციის დამატებაზე.

მარტივი ლოგიკა

შემოდგომის სეზონზე პირველი არხი ყველაზე პოპულარული ქართული ონლაინ თამაშის „მარტივი ლოგიკის“ ახალ ვერსიას შესთავაზებს საზოგადოებას. სატესტო ვერსია სექტემბერში გაეშვება. სატესტო ტურის შემდეგ კი ოთხი სხვადასხვა საპრიზო ტურია დაგეგმილი, რომელიც უკვე ლაივ რეჟიმში ჩაეშვება და ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად იქნება ხელმისაწვდომი.  საპრიზო თამაშში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს და ის, ვინც  ბოლომდე დახურავს საპრიზო ტურს და მოხვდება საუკეთესო ათეულში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდება.

საქართველოს რადიოს აპლიკაცია

საქართველოს რადიოს მსმენელს შეუძლია ისარგებლოს რადიოს მოქნილი მობილური აპლიკაციით, მიიღოს ინფორმაცია ყველაზე ოპერატიულად და გადაახვიოს საყვარელი გადაცემები.