თინათინ ბერძენიშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა
თინათინ ბერძენიშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი საქართველოში კატარის ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი არხის ფინანსური დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც წელს პირველად ჩატარდება ზამთრის სეზონზე და მას კატარი უმასპინძლებს.

„ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, კატარი განსაკუთრებულად ემზადება და ჩვენ, როგორც ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი, ასევე ვემზადებით ტექნიკურად და ტექნოლოგიურად, საქართველოს ტელე და რადიოსივრცეში ვუმასპინძლოთ დიდ საფეხბურთო დღესასწაულს, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს, თითქმის მთელი თვე დაეთმობა ამ ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის გაშუქებას. მაუწყებელი ყოველწლიურად დიდ ინვესტიციას და ძალისხმევას ხარჯავს, რომ ქართველი მაყურებელი არ დარჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის გაშუქების გარეშე“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ფინანსურმა დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ.

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს სრულად, 64 თამაშს, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მაყურებელს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შესთავაზებს.