პირველი არხი და უკრაინის რადიო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის
პირველი არხი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის, უკრაინის საზოგადოებრივ რადიოსთან ერთად, უზრუნველყოფს უკრაინის რადიოეთერის პირდაპირ ტრანსლაციას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდოთ თავიანთ ენაზე ამომწურავად და ოპერატიულად.
22 თებერვლიდან უკრაინის საზოგადოებრივი რადიო მსმენელებს 24 საათის განმავლობაში, ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რადიოს ეთერში საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები და წამყვანი ექსპერტები.
პირდაპირი ტრანსლაცია ჩერდება მხოლოდ განგაშის სიგნალის დროს, როცა წამყვანები იძულებული არიან, თავშესაფრებში გადაინაცვლონ.
უკრაინის საზოგადოებრივი რადიო არის ყველაზე პოპულარული და ყველაზე დიდი რადიო ქვეყანაში. მისი ყოველდღიური მსმენელების საშუალო რაოდენობა დაახლოებით მილიონს უტოლდება.
პროექტი ხორციელდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მხარდაჭერით და კოორდინაციით. უკრაინის რადიო ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე.