პირველი აპრილიდან მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოსგან გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს
პირველი აპრილიდან მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილი სახელმწიფოსგან გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს

მინდობით აღზრდის ანაზღაურების წესში ცვლილება შედის. კერძოდ, პირველი აპრილიდან მინდობით აღმზრდელი ოჯახების ნაწილი გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს.

საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებსაც მინდობით აღზრდაში აყვანილი ჰყავთ ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც შშმ სტატუსი არ გააჩნია. ასეთი მოზარდები განსხვავებული საჭიროების მქონე პირთა სტატუსს მიიღებენ.

მთავრობის 142-ე დადგენილების თანახმად, ეს ოჯახები იმდენივე თანხას მიიღებენ, რასაც შშმ სტატუსის მქონე ბავშვის მინდობით აღმზრდელები იღებენ, ანუ დღეში 20 ლარს. დღემდე ამ ოჯახებს სახელმწიფო ჯანმრთელი ბავშვისთვის განკუთვნილ თანხას – დღეში 15 ლარს უხდიდა.

ამასთან, განსხვავებული საჭიროების დადგენის შემთხვევაში, თვეში 90-დან 130 ლარამდე იზრდება რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა. აქ იგულისხმება თანხა, რომელსაც სახელმწიფო ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს უხდის იმისთვის, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვაში (საოჯახო ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში) მყოფი ბავშვის საკუთარ ოჯახში დაბრუნებას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების აუცილებლობა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია. განსხვავებული საჭირობის მქონე ბავშვთა კატეგორიაში შედიან ჯანმრთელობის და ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდები, მაგალითად, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არაორგანული ენურეზის, არაორგანული ენკოპრეზის, მუკოვისციდოზის და სხვა პრობლემების მქონე ბავშვები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ცვლილების მიზანია, ოჯახებმა უკეთ იზრუნონ მინდობით აღზრდაში მყოფ, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვზე, რადგან ასეთი ბავშვების მოვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

საქართველოში მინდობით აღზრდაში 1474 ბავშვია, საიდანაც 219 შშმ სტატუსის, 40 კი განსხვავებული საჭიროების მქონეა.