პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო
საქართველოს მთავრობამ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით მიღებული ცვლილების სუბსიდირებას.
ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება. ასეთია ცხრა სახეობის პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.
სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს აღემატება.
„სუბსიდია განხორციელდება პროდუქტის იმ ჯამური მოცულობის თანხის ლიმიტზე, რომელიც საქართველოში იმპორტირებული იყო 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ჯამურ მოცულობას დაადგენს შემოსავლების სამსახური და აცნობებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ამავე დადგენილების მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები და ამ პროდუქტებზე არ გაზარდოს ფასი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.
პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი არის საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს პროდუქტების იმპორტს და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ.