პირველად საქართველოში - „სმურფები“ პირველ არხზე

22 იანვრიდან საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციას  „სმურფები“.

ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით გახმოვანებული ანიმაციის 104 სერია ყოველდღე პირველი არხის ეთერში და მაუწყებლის ახალ ციფრულ პლატფორმაზე 1tvplay.ge განთავსდება. ანიმაციამ „სმურფები“ ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო საბავშვო სერიალის კატეგორიაში ორჯერ გაიმარჯვა.

„პირველი არხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ბავშვების და ახალგაზრდების აუდიტორიის მოზიდვა, რასაც მაღალი ხარისხის პროდუქტის ამ სეგმენტისთვის შესაბამის პლატფორმაზე შეთავაზებით ვაღწევთ. „სმურფების“ ჯადოსნური სამყარო არცერთ ბავშვს, მოზარდს თუ მშობელს დატოვებს გულგრილს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი არხი მაყურებელს მსოფლიო ბრენდის პროდუქტს ექსკლუზიურად სთავაზობს, 2020 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოში პირველმა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება კომპანია „დისნეისთან“  და მაყურებელს ლიცენზირებული, ოფიციალური კონტრაქტით შეძენილი 349 ფილმი და ანიმაცია შესთავაზა, რომელიც მოიცავდა ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით გახმოვანებულ პროდუქციას“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს და ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამირება შესთავაზოს.

„სმურფების“ ისტორია 1958 წლიდან იღებს სათავეს, ანიმაცია მსოფლიოს 100 ქვეყანაშია ნაჩვენები და 40 ენაზე არის გახმოვანებული. მისი გმირები, პოპულარობიდან  და   მნიშვნელობიდან გამომდინარე, სხვადასხვა წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტივობების ელჩებს და გაერო-ს ბავშვთა ფონდის სარეკლამო სახეებს წარმოადგენენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი ანიმაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა ენაზე გახმოვანებული „სმურფების“ დიდ ოჯახს შეუერთდა.