პირველად მსოფლიოში, ბრიტანეთმა კოვიდის სამკურნალო აბები დაამტკიცა — #1tvმეცნიერება
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო მარეგულირებელმა სიმპტომური კოვიდის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა.
ტაბლეტი, სახელად მოლნუპირავირი დღეში ორჯერ მიეცემათ იმ მოწყვლად პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ.
ამ აბებმა, რომლებიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შექმნეს, კლინიკურ ცდებში სიკვდილისა და ჰოსპიტალიზების რისკი გაანახევრა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ეს პრეპარატი თამაშის წესებს შეცვლის დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის.
„ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაამტკიცა ისეთი ანტვირუსული საშუალება, რომლის მიღებაც კოვიდინფიცირებულებს სახლშიც შეეძლებათ“, — ამბობს განცხადებაში ჯავიდი.
მოლნუპირავირი ერთობლივად შექმნეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა — Merck, Sharp and Dohme-მა (MSD) და Ridgeback Biotherapeutics-მა. ის კოვიდის სამკურნალო პირველი ორალური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აბის სახით მიიღება და არა შიდავენური ინექციით.
პრეპარატი მიზანში იღებს ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი თავის ასლების შესაქმნელად იყენებს — წამალს მის გენეტიკურ კოდში ხარვეზები შეაქვს. შედეგად, ის გამრავლებას ვეღარ ახერხებს, ვირუსს სხეულში დაბალი კონცენტრაციით ტოვებს და შესაბამისად, დაავადების სიმწვავეს ამცირებს.
ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებლის, MHRA-ს განცხადებით, ტაბლეტს ავტორიზაცია იმ ადამიანებში გამოყენებისთვის მიეცა, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კოვიდი აქვთ და ამავე დროს, გააჩნიათ გართულების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი, მაგალითად, სიმსუქნე, ასაკი, დიაბეტი ან გულის დაავადება.
მოლნუპირავირის ადრეული კლინიკური ცდები კორონავირუსით ინფიცირებულ 775 პაციენტზე ჩატარდა და შედეგები ასეთია:
ჰოსპიტალიზება დასჭირდა იმ ადამიანთა 7,3 პროცენტს, რომელმაც პრეპარატი მიიღო.
პლაცებომიღებულ პაციენტებში ჰოსპიტალიზება 14,1 პროცენტს დასჭირდა.
მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ გარდაცვლილა, მაგრამ პლაცებოს ჯგუფში კოვიდით რვა პაციენტი დაიღუპა.
როგორც ცდების შედეგები მიუთითებს, იმისათვის, რათა მოლნუპირავირს ეფექტი ჰქონდეს, პაციენტებმა ის კოვიდის სიმპტომების გამოვლენიდან მალევე უნდა მიიღონ. არასანუგეშო შედეგების გამო, ადრეული კვლევები შეჩერდა იმ პაციენტებში, რომლებიც მწვავე კოვიდის გამო იყვნენ ჰოსპიტალიზებული.
Merck-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც კოვიდის საწინააღმდეგო აბების ცდის შედეგები გამოაქვეყნა, მაგრამ ცნობილია, რომ მსგავს მედიკამენტებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ.
ამერიკული Pfizer-ი ორი სხვადასხვა ანტივირუსული ტაბლეტის ცდებს აწარმოებს; ასეთივე პრეპარატზე მუშაობს შვეიცარიული Roche-ც.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.