პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტი ერთი ოჯახის წევრია
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, ინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.
„გუშინ, შუადღის შემდეგ შემოვიდა ორი პაციენტი, ცოლ-ქმარი, და გვიან ღამით მოხდა დიაგნოზის დადასტურება. სულ ტესტი გუშინ გავუკეთეთ ცხრა პაციენტს და ეს ორი იყო მხოლოდ დადებითი. მათ კონტაქტი ჰქონდათ ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამჟამად მკურნალობს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სწორედ მასთან ჰქონდა ახლო კონტაქტი ქალბატონს, რომელიც იყო ბინაზე, ერთი კვირა ჰქონდა ცხელება, შემდეგ თავად მიმართა კერძო გენეტიკურ ლაბორატორიას და გაიკეთა ახალ კორონავირუსზე ტესტი. იქ აჩვენა დადებითი შედეგი, რის შემდეგაც გადმოიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ“, – განაცხადა ტურძელაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თუ არა სხვა ადამიანებთან კონტაქტი, ამას ეპიდემიოლოგთა სამსახური იკვლევს.
„მას შემდეგ, რაც ქალბატონს მისცა სიცხემ, მამაკაცი გადავიდა სხვა სახლში, მაგრამ მასაც დაუფიქსირდა ტემპერატურა, ანუ ორივე პაციენტი სხვადასხვა ადგილიდან გადმოიყვანეს ჩვენთან. ჯანმრთელობის მდგომარეობა ქალბატონთან საშუალო სიმძიმისაა, გამოხატულია დამახასიათებელი პნევმონია, დამახასიათებელი ყველა სურათით კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. მამაკაცთან შედარებით სუსტად გამოხატული პნევმონიაა. უფრო უკეთესადაა მამაკაცი, ვიდრე ქალბატონი, თუმცა არცერთი არ არის მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი“, – განაცხადა ტურძელაძემ.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 32 პაციენტი ჰყავთ, მათ შორის – სამი ინფიცირებული.
„დღეს ვაპირებთ, შვიდ მათგანს ჩავუტაროთ კოვიდ-19-ზე ტესტი. ჩვენთან ასევე იმყოფება კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც თელავიდან 13 მარტს გადმოიყვანეს და ისიც უკეთ არის. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ჩვენი ექიმების წყალობით, აპარატზე გადაყვანა არ დასჭირდა. ის 10-ში ჩამოფრინდა ბელგიიდან და აღენიშნებოდა ტემპერატურა. ჩამოსვლის შემდეგ მოხვდა თელავის ინფექციურ საავადმყოფოში და იქიდან გადმოვიდა ჩვენთან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.