პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, შედარებით მძიმე იყო 47 წლის ქალის მდგომარეობა, თუმც ამ დროისთვის პაციენტთან დადებითი დინამიკა აღინიშნება.
როგორც რატიანი ამბობს, სამივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, ბოლო 24-საათში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 52 პაციენტი შეიყვანეს. მათ ტესტები კორონავირუსზე ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან დღის განმავლობაში ცხრა ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 80 პაციენტია მოთავსებული.
ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 216.