პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 71 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 54 კორონავირუსით ინფიცირებულია.
რატიანი ამბობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 71 პაციენტი წევს, კოვიდინფიცირებულები გვყავს 54. მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. რეანიმაციაში არსებული პაციენტებიდან ექვსი კვლავ რჩება ამ განყოფილებაში. მათგან სამი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამი კი სპონტანურ სუნთქვაზე“ , – განაცხადა რატიანმა.
რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან რამდენიმეს შემთხვევაში პირველადი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
„ველოდებით ლუგარიდან პასუხებს ამ პაციენტებთან, ვინაიდან გასულია უკვე პროტოკოლით განსაზღვრული დღეები. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მეტ-ნაკლებად ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არ დასტურდება“, – განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება ორსულებს, რატიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ვიტალურ ფუნქციებს ვინარჩუნებთ, როგორც ქალბატონებისას, ასევე მათი ნაყოფისას. ბავშვებს რაც შეეხებათ მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ ფიქსირდება“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
ამასთან, რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს მწვავე პნევმონია აღენიშნება.
„რაც შეეცება ორ ახალ პაციენტს, ჩატარებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ერთ მათგანთან დადასტურდა მწვავე პნევმონია, მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა რატიანმა.