პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტი იმყოფება
სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 76 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პირია მოთავსებული.
„აქედან, მოგეხსენებათ, რომ გუშინ გვყავდა ოთხი ინფიცირებული პაციენტი. გუშინდელი კვლევის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოვიდა დადებითი, რომელიც არის ქალბატონი. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკა იღებს სამივე სახის პაციენტს, ეს არის საშუალო, მსუბუქი და მძიმე. გუშინ გაეწერა რამდენიმე პაციენტი, საკარანტინო ზონაში გადავიდა. დღესაც გადავა რამდენიმე ადამიანი საკარანტინო ზონაში“ ,- განაცხადა რატიანმა.
რატიანის განმარტებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„ქალბატონი, რომელიც არის საშუალო ასაკის, შემოვიდა ჩვენთან გუშინ, ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენებით. ეჭვი იქნა მიტანილი, ვინაიდან წყარო არსებობდა და კლასტერიც. იმ კლასტერში იყო, რომელიც ჩვენთან არიან. აქედან გამომდინარე გაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში და დადასტურდა „კოვიდ 19“-ის არსებობა. ქალბატონი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. 16-მა პაციენტმა დატოვა გუშინ კლინიკა. ტესტირებებს ლუგარის ლაბორატორიაში ვაგზავნით ეტაპობრივად“,- აღნიშნა ლევან რატიანმა.