პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 80 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, პაციენტი 18 დღის წინ კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

„ყველასთვის საინტერესო შემთხვევა, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 18 დღის უკან, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, კლინიკურად სახეზე იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, იცით, რომ ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან, მოხსნილია ჟანგბადდამოკიდებულება. პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქალბატონთან მივიღეთ ორჯერადად უარყოფითი პასუხი. დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში და რამდენიმე დღეში, ალბათ ორშაბათისთვის გაეწერება კლინიკიდან. ისე მიხარია, ძველ განწყობაზეა, როგორც მისი ოჯახის წევრები განმარტავენ, აბსოლუტურად კონტაქტური, ადეკვატურია. ყველა მწვავე პრობლემა მოხსნილი აქვს. მას რამდენიმე დღე მხოლოდ დაკვირვების მიზნით ვტოვებთ“, – განაცხადა რატიანმა.