პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და სავარაუდოდ დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის რვა პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის თერაპიულ განყოფილებაში გადავა.
„რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, აქედან მძიმე იყო ახალგაზრდა, 44 წლის მამაკაცი, რომელთანაც სახეზე იყო კოვიდინფიცირების შემთხვევა, ქრონიკული პათოლოგიების გარეშე, სადაც გამოვლინდა მწვავე ფილტვის დაზიანების სურათი, პაციენტი იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ბოლო 48 საათში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, დაზიანების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.
ამასთან, რატიანის თქმით, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება ოთხი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა დღეს დადებითი დინამიკა შეინიშნება.
„ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს ოთხი პაციენტი. გუშინ ვაცხადებდი, რომ ერთის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, მისი მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია, ველოდებით უახლოეს საათებში, რომ მოიხსნას მართვითი სუნთქვიდან. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურია“,- განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანი ამბობს, რომ სტაბილურია ცხრა კვირის ორსულის მდგომარეობა.
„რაც შეეხება ცხრა კვირის ორსულს, მისი მდგომარეობა, მისი და ნაყოფის მდგომაროება არის ტსაბილური“, – დასძინა რატიანმა.
რაც შეეხება მოზარდებს, რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მოზარდის მდგომარეობა აბსოლუტურად პათოლოგიის გარეშეა, კლინიკური გამოვლინების ნიშნები ბოლო რამდენიმე დღეა, არ ფიქსირდება.
„ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ ავუღოთ პროტოკოლის მიხედვით კოვიდზე ტესტი, იმედია, ესენიც გაეწერებიან კლინიკიდან, როცა გავა 14 დღე“, – განაცხადა რატიანმა.
კლინიკაში მოთავსებულ ინფიცირებულ მედპერსონალთან დაკავშირებით კი რატიანი ამბობს, რომ მათი მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.
„ჩვენ გვყავს რამდენიმე მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია, მათთან მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა მიდის“, – განაცხადა რატიანმა.