პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი იმყოფება, მათ შორის მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ოჯახის ოთხი წევრი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ექვსი პაციენტი მკურნალობს.
კლინიკა დღეს 24 ტესტის პასუხს ელოდებოდა, რომელთგან ორის პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ შემთხვევას, პაციენტები მარნეულიდან კლინიკაში, ცოტა ხნის წინ, უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.
ოთხივე მათგანი მარნეულში, რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული 62 წლის ქალის ოჯახის წევრია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ისინი საშუალო ასაკის პაციენტები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.
„მივიღეთ ორი დადებითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმე რჩება. რაც შეეხება კლასტერს და ასე შემდეგ, „ესიდისი“ დადებს ამის მონაცემებს. ასევე, გადმოყვანილ იქნა ოთხი დადასტურებული შემთხვევა მარნეულის კლასტერიდან. დადასტურებული შემთხვევები გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ამასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა 18 წლის გოგონას, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულ 62 წლის ქალთან ჰქონდა შეხება.
„18 წლის გოგონაზე მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კოვიდი ჩატარებული კვლევით არ დასტურდება“,- აღნიშნა რატიანმა.
ამ დროისთვის კლინიკაში სულ 12 ინფიცირებული პაციენტია, რომელთგან განსაკუთრებით საყურადღებოა სწირედ 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება.
ლევან რატიანის განმარტებით, ვითარების გამწვავება გამოიწვია ქრონიკულმა დაავადებებმა და იმ ფაქტმაც, რომ ქალბატონმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.
„ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირებული ჩვენს კლინიკაში 12 პაციენტია. არიან ზრდასრული ადამიანები, საშუალო ასაკის, მკურნალობა დაწყებულია. პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმე რჩება“,- განაცხადა რატიანმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 70 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ცხრა გამოჯანმრთელებულია.