პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან განკურნებული 79 წლის მამაკაციც დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან განკურნებული 79 წლის მამაკაციც დატოვებს

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 79 წლის პაციენტიც განიკურნა.

ექიმი ლევან რატიანის განცხადებით, ის კლინიკას დღესვე დატოვებს.

„კიდევ გვყავს ერთი ბატონი, რომელიც არის 79 წლის. აქაც შემოსვლისთანავე დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ალაგებულია აბსოლუტურად ფილტვის დაზიანების სურათი, ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი. პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთი ანალიზიდან ორი პირველადი ტესტი იყო.

რატიანის თქმით, მიღებულია უარყოფითი პასუხები და განმეორებითი ტესტირების შემდეგ, კვლავ ნეგატიური პასუხების შემთხვევაში, კლინიკიდან ისინიც გაეწერებიან.

„ხუთი ანალიზიდან ორი იყო პირველადი, იქაც მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხები. დღეს განმეორებით ჩატარდება. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაშიც მივიღებთ უარყოფით პასუხს და პაციენტები ხვალისთვის გაეწრებიან კლინიკიდან“, –  დასძინა რატიანმა.

რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი რჩება.

„ჩვენთან დადასტურებული ახალი შემთხვევა ამ ეტაპამდე არ არის, ჩვენ გვყავდა სულ 62, დარჩა – 59“, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში რჩება რვა პაციენტი, აქედან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.

რატიანი ამბობს, რომ ერთის მდგომარეობა გუშინ კრიტიკული იყო, თუმცა ახლა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„სიმძიმე განპირობებული იყო, როგორც  ბიოლოგიური ასაკით, ასევე თანმდევი დაავადებებით. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გემოდინამიკის მაჩვენებლები შენარჩუნებულია, ოქსიგენაციური პარამეტრები დღეს გაუმჯობესებულია, ამ ეტაპამდე დადებითი დინამიკა გვაქვს შენარჩუნებული. რაც შეეხება კიდევ ორ პაცენტს, რომელიც გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ უარყოფითი კლინიკის გარეშეა“, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, გაუმჯობესდა 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა და მას თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

„ჩვენ გვყავდა ასევე 42 წლის მძიმე შემთხვევა. ამ პაციენტთან არ იყო ქრონიკული პათოლოგიები, მოკლე პერიოდში დამძიმდა პაცენტის მდგომარეობა, გამოიხატა ფილტვის მწვავე დაზიანების სურათი, მისი სასიცოცხლო პარამეტრები იყო კრიტიკული, მაგრამ არაინვაზიური ფილტვის ვენტილაციის შედეგად,  ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შედეგად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხელოვნური ვენტილაცია ბოლო 24 საათია, არ დასჭირვებია. დღის მეორე ნახევარში პაციენტს ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, უარყოფითი დინამიკის გარეშეა, აღდგენილია ფილტვის ქსოვილი, ალბათ რამდენიმე საათში ეს პაციენტი გადავა თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა ამ დრომდე კლინიკური გამოვლინების გარეშეა.

„ქალბატონი ორსული, რომელიც რჩება ცხრა კვირის, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია“, – დასძინა რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი ორსული და 80 წლის ქალიც გამოჯანმრთელდნენ.