პირველ კლასში წელს იმ ბავშვებსაც მიიღებენ, რომელთაც 6 წელი 16 და 17 სექტემბერს უსრულდებათ
საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება წელს 16 და 17 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებსაც მიეცემათ, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ. ამის მიზეზი ზოგადი განათლების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერია.
კერძოდ, კანონის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველ კლასში ბავშვები 6 წლის ასაკიდან ირიცხებიან, ხოლო სწავლა 15 სექტემბერს იწყება. ასევე, არსებობს დათქმა, თუ თხუთმეტი სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო პროცესი პირველივე სამუშაო დღეს დაიწყება.
წელს 15 სექტემბერი დასვენების დღეს ემთხვევა. შესაბამისად, სწავლის დაწყების მომენტში 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვები უკვე 6 წლის ასაკის იქნებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში არსებული მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში გასული წლიდან გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველოში სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია.
„ამავე კანონში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სწავლის დაწყების თარიღად, მინისტრის ბრძანებით, 15 სექტემბერი განისაზღვრა. მაგრამ, არის ასეთი დათქმა, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, სწავლა დაიწყება მომდევნო სამუშაო დღეს.
ვინაიდან 2018 წლის 15 სექტემბერი შაბათ დღეს ემთხვევა, 2018-19 სასწავლო წლისთვის სწავლის დაწყების თარიღად 17 სექტემბერი განისაზღვრება. სკოლაში შემსვლელი მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის, შესაბამისად, ვისაც 16 და 17 სექტემბერს უსრულდება 6 წელი, მას შეუძლია, ჩაირიცხოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში. შესაბამისად, ეს არ შეეხებათ 18 სექტემბერსა და მომდევნო დღეებში დაბადებულ ბავშვებს, რადგან სწავლის დაწყების მომენტში მათი ასაკი 5 წელი იქნება“, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
ამასთან, წელს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილიდან დაიწყება. ეს ე.წ. სკოლის შიდა რეგისტრაციაა. რაც შეეხება ონლაინ რეგისტრაციას, ის მაისის დასაწყისში დაიწყება.