პირველ ივნისს გოძიაშვილის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში ღონისძიებები გაიმართება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება.
„ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო აქტივობებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, ე.წ. წითელ ბაღში. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. საინტერესო აქტივობები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მშობლებსა და პატარებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა.
„მივმართავ ყველა მშობელს, ბებიებს, ბაბუებს, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები. გელოდებით ყველას. ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.