პირველ არხზე მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავს“ გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძის კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს
პირველი არხის ეთერში 2019 წლის იანვრიდან მუსიკალური მეგაპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყება, რომლის გამარჯვებულიც ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. ახალი მუსიკალური მეგაშოუ ცნობილი საერთაშორისო მუსიკალური შოუს Pop Idol-ის ანალოგია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მეგაშოუზე იმუშავებს ჯგუფი, რომელსაც ბაზარზე დიდი გამოცდილება აქვს.
„პირველი არხი დაანონსებულ მეგაშოუს იწყებს. შოუზე იმუშავებს ჯგუფი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ ბაზარზე. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიებმება საერთაშორისო კონკურსს – ევროვიზიას და გამარჯვებული წარადგენს საქართველოს 2019 წლის ევროფესტივალზე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პროექტს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ხაბურძანია აცხადებს, რომ პირველი არხი ახალი პროექტით ახალ საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს.
„უპრეცედენტო რამ ხდება, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოსთვის ახალ, საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს. შოუს – Pop Idol-ის, „საქართველოს ვარსკვლავის“ მეშვეობით გამოვლინდება, ვინ გაემგზავრება ევროვიზიაზე. ეს უნიკალური შემთხვევაა, რაც მაყურებლის ჩართულობას ერთიორად გაზრდის. მაყურებელს თავიდანვე ეცოდინება, რომ გამარჯვებული მხოლოდ მატერიალურ პრიზებს კი არ მიიღებს, არამედ საქართველოს ვარსკვლავიც გახდება და უმნიშვნელოვანეს პროექტ ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს“, – განაცხადა გიორგი ხაბურძანიამ.
„ნოვა პროდაქშენსის“ წარმომადგენლის დემნა ჯაფარიძის განცხადებით, „საქართველოს ვარსკვლავი“ იქნება პირველი პროექტი, რომლითაც მათი გუნდი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაღალი რეიტინგისთვის მუშაობას დაიწყებს.
„ჩვენი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოლოდინი დიდია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შოუს რეიტინგი მაღალი იყოს. ეს იქნება პირველი პროექტი, რითაც დაიწყება ჩვენი ურთიერთობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაღალი რეიტინგისთვის. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დანარჩენი ჩვენზეა და დიდი იმედი გვაქვს ადგილობრივი გუნდის, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი შეუქმნია“, – განაცხადა დემნა ჯაფარიძემ.
მეგაშოუში მონაწილეთა შესარჩევად კასტინგი მთელ საქართველოში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი. რამდენიმე ეტაპად შერჩეული კონკურსანტები მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ. 10 კონკურსანტს შორის საუკეთესოს 4-კაციანი ჟიური და მაყურებლები გამოავლენენ.