პირს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს დაესხა თავს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
კაცს, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში შეაღწია და მის მეუღლეს ჩაქუჩი ჩაარტყა, კალიფორნიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სან ფრანცისკოს ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლო პროცესზე დევიდ დეპეიპი დამნაშავედ ცნეს გატაცებაში, ძარცვასა და ხანდაზმული ადამიანის უკანონოდ დატყვევებაში. თავდასხმის შედეგად 84 წლის პოლ პელოსი ექვსი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა თავის ქალის მოტეხილობითა და სხვა დაზიანებებით.
განაჩენის გამოტანის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პელოსების ოჯახმა აღნიშნა, რომ „სამართლიანობა აღსრულდა“.
„მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ მოხდა ძალადობრივი შემოჭრა, არ გადის დღე, არ ვფიქრობდეთ ამ საშინელ თავდასხმაზე, ტრავმაზე ან მომავალი თავდასხმების შესაძლებლობაზე“, – განაცხადა ოჯახმა.
ოჯახი აღნიშნავს, რომ განაჩენი იქნება გზავნილი, რომ „პოლიტიკური ძალადობა არჩეულ თანამდებობის პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე არ იქნება შეწყნარებული“.
დეპეიპის ადვოკატმა განაცხადა, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
მანამდე ბრალდებულის ადვოკატმა მოსამართლეს უფრო მსუბუქი განაჩენის გამოტანა სთხოვა იმ არგუმენტით, რომ დეპეიპი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებითა და იზოლაციით იტანჯებოდა, რამაც, მისი თქმით, იგი პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი გახადა.
მოსამართლე ჰარი დორფმანმა თხოვნა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ არ გრძნობდა თანაგრძნობას დეპეიპის მიმართ.
„მე თანაგრძნობას ვგრძნობ ამ საქმის მსხვერპლის მიმართ, რომელიც გაუმართლა, რომ ცოცხალია. ჩემი განზრახვაა, ბატონი დეპეიპი ვერასდროს გამოვიდეს ციხიდან, მას არასდროს შეეძლება პირობით ვადამდე გათავისუფლება“, – განაცხადა მოსამართლე დორფმანმა განაჩენის გამოცხადებისას.
მანამდე თავდამსხმელმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ გეგმავდა ნენსი პელოსის მძევლად აყვანას, კამერის წინ დაკითხვას და „მისთვის მუხლების მოტეხას“, თუ არ აღიარებდა იმას, რასაც თავდამსხმელი ტყუილებს უწოდებდა.