პირობით მსჯავრდებული და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული პირების პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან აღდგება
15 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები, პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.
პრობაციის სააგენტოს ინფორმაციით, მსჯავრდებულები 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველი თებერვლამდე პერიოდში საქართველოში „COVID-19“-ის გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტის გამო პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. ამ პერიოდში გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესი მოქმედებდა.
„კერძოდ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე პერიოდულად ახორციელებდნენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე, ვიზიტის დროს კი პრობაციის ოფიცრის მიერ დაცული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული რეკომენდაციები. ის პრობაციონერები კი, რომლებმაც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ თებერვლამდე გათავისუფლდნენ ნებართვის აღების დადგენილი ვალდებულებისაგან. პირველი თებერვლიდან იმ რაიონებში, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ბიუროებმაც კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა, მხოლოდ თბილისში, ქვემო ქართლსა და იმერეთში, სადაც კვლავ რჩებოდა ტრანსპორტზე შეზღუდვა, პრობაციონერებსაც შეუნარჩუნდათ შეღავათები. დღეისათვის კი, რადგან ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა აღდგენილი, პრობაციის ბიუროები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, პრობაციონერების ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრულად აღდგება“, – აღნიშნულია პრობაციის სააგენტოს ინფორმაციაში.