პირი ჩაითვლება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ფაქტი დადასტურდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით
პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს კანაფს ან მარიხუანას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე 21 წლამდე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, – აღნიშნულ რეგულაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
ამასთან, ამავე პროექტის თანახმად, თუ პირის მიმართ არსებობს იმის ვარაუდის საკმარისი საფუძველი, რომ მან მოიხმარა მარიხუანა ან იმყოფება მისი ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევების მიზნით წარუდგენს აღნიშნულ პიროვნებას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, პირი ჩაითვლება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დადასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით.
გარდა ამისა, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, კანაფის ან მარიხუანას მოხმარებად ითვლება მისი მიღების პროცესი ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი.
პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.
ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.
21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება.