პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებული ახალგაზრდის ახლობლები დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე დაკავებული მ.ჟ.-ს ახლობლები ახალგაზრდის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. ისინი ამბობენ, რომ დაკავებულის მამა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ახალგაზრდაც ამიტომ დააკავეს.
დაკავებული ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში დეიდასთან დროებით ცხოვრობდა. ის აბიტურიენტი იყო. ახლობლები ამბობენ, რომ სამართალდამცველები ღამის 03:00 საათზე მოულოდნელად მიადგნენ და დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ.
„წუხელ ღამის 03:00 საათზე აიყვანეს. მძინარე იყო. სამი ავტომანქანით მოვიდნენ სამართალდამცველები, სახლი დაათვალიერეს, ეძებდნენ ჩემს დისშვილს. იცოდნენ, რომ ჩემთან იყო. მე მხოლოდ ის მითხრეს, რომ ჯარის საკითხზე მიგვყავს დასაკითხადო. მოგვიანებით გავიგე, რაზეც იყო დაკავებული, სხვა ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს დაკავებულის დეიდა, ლილი ტაკიძე.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე შსს-მ ახალგაზრდა დააკავა.