ლევან გოგიჩაიშვილი - ეკა ბესელიაზე შტურმის შემდეგ ვიღაც ცდილობს, დესერტად პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელოს
ლევან გოგიჩაიშვილი - ეკა ბესელიაზე შტურმის შემდეგ ვიღაც ცდილობს, დესერტად პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, ვიღაც ჯიუტად ცდილობს, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შტურმის შემდეგ, დესერტად პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები გაავრცელოს.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, სამწუხაროდ, ფარული კადრების გავრცელება საეჭვოდ იმ შტურმს ემთხვევა, რაც ეკა ბესელიას მიმართ ხორციელდება.

„ვიღაცამ შეიძლება, თქვას, კადრების გავრცელება რატომ უნდა აწყობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამოცანაა, რომ კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაცია და მისი ჩამოშლა მოხდეს, რადგან ბევრმა შეიძლება, ადამიანურად ამას ვერ გაუძლოს. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა და ბესელია ძლიერი ქალია, რადგან კადრები გაწყალდა, მაგრამ ვიღაც ჯიუტად ცდილობს, შტურმის შემდეგ დესერტად კადრები გაავრცელოს. ეს საეჭვო ორგანიზებულობაზე მიუთითებს და პირდაპირი მნიშვნელობით გიორგი გახარიას ურტყამს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს რომ ვერ იძიებს, ეს შს სამინისტროს რეპუტაციას ურტყამს. ძალოვანი უწყება კიბერდანაშაულზე რამდენ მილიონ ლარს ხარჯავს და ეს თანხები სად მიდის, თუ უწყება ვერ ახერხებს, რომ პოლიტიკური ფიგურის საქმეზე გამოძიება ჩაატაროს და დაიცვას. სად არის გარანტია, რომ
მოქალაქეები დაცულები არიან? – პასუხისმგებლობა გიორგი გახარიაზეა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.