პიოტრ ტოლსტოი - ჩვენი დელეგაციის ნებისმიერი წევრისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ დიალოგის ეს სივრცე, როგორც 2014 წელს
არანაირ ულტიმატუმს, სანქციებს, არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვას ჩვენი დელეგაცია არასდროს დათანხმდება, – ამის შესახებ ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წევრმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსეთის დელეგაციის ნებისმიერი წევრისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, დიალოგის ამ სივრცეს დატოვებენ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ანგარიშის ავტორს გაწეული სამუშაოსთვის და გითხრათ, რომ დღეს ეს დარბაზი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპული ქვეყნებისა და ყველაზე დიდი ქვეყნებისთვის რუსეთთან დიალოგისთვის ერთადერთი სივრცეა. დიალოგი თანაბარ პირობებში და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით – არავითარი სხვა.
რა თქმა უნდა, არანაირ ულტიმატუმს, არანაირ სანქციებს, არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვას ჩვენი დელეგაცია არასდროს დათანხმდება. და თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი დელეგაციის ნებისმიერი წევრის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ დიალოგის ეს სივრცე, როგორც ეს მოხდა 2014 წელს. სიმართლე გითხრათ, ასეთ შემთხვევაში, წევრი დელეგაციების ნაწილს პრობლემაც კი ექნება, ვინ უნდა დაადანაშაულონ ამის შემდეგ, ამ დარბაზში ნაკლებად საინტერესო დისკუსია იქნება, არც კი ვიცი, ამის შემდეგ რას გააკეთებენ.
რუსეთზე თავდასხმა უკრაინის, საქართველოს მხრიდან ჩემთვის სრულიად გასაგებია, ასახსნელია, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა თავის დროზე სამხედრო ძალა გამოიყენეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამუდამოდ დაკარგეს კონტროლი ტერიტორიებზე, რომლებზეც ისინი მუდმივად გამოთქვამენ წუხილს სხვადასხვა გამოსვლაში.
მაგრამ, ძვირფასო წევრებო, ასევე მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო, დარბაზში ისმის აბსოლუტურად მიუღებელი შეურაცხოფა ქვეყნის, დელეგაციის ერთ-ერთი წევრის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის. ეს დაუშვებელია, ნებისმიერ გამოხატვის თავისუფლებაში, ელემენტარული კულტურა მაინც უნდა იყოს. იმედი გვაქვს ასამბლეის წევრთა, დეპუტატთა უმრავლესობის გონივრულობის და ნორმალური დიალოგის სურვილისა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანასთან“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.